14 October, 2014

ლიტერატურული ზღაპარი (საკონფერენციო თემა)



სსიპ ქალაქ თბილისის №152 საჯარო სკოლის
VII1 კლასის მოსწავლეების
ლალი ბაქრაძისა და ანა ქალდანის
საკონფერენციო თემა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში

„ლიტერატურული ზღაპარი“


ხელმძღვანელი: სოფიკო ბებერაშვილი

 2013-14 სასწავლო წელი


  

   ზღაპრები ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ყოველი ჩვენგანის ბავშვობა მათი ჯადოსნური ფერებითაა გალამაზებული. მოზარდებს ერთნაირად ხიბლავთ როგორც ხალხური, ისე ლიტერატურული ზღაპრები, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურული ზღაპრების სიუჟეტები უფრო ჩახლართული და საინტერესოა, ხოლო პერსონაჟები ხშირად იმდენად რეალურნი არიან, რომ ბავშვს ადვილად შეუძლია თავი მათ ადგილას წარმოიდგინოს.
    ლიტერატურული ზღაპარი  _  ესაა კონკრეტული ავტორის მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, ომელიც ზოგჯერ ხალხურ წყაროებს ეყრდნობა, ზოგჯერ კი ორიგინალურია. ეს ნაწარმოები აღწერს პერსონაჟთა ფანტასტიკურ, ჯადოსნურ თავგადასავალს. ლიტერატურული ზღაპარი შეიძლება შექმნილი იყოს როგორც ბავშვებისათვის, ისე უფროსებისთვისაც.
     უამრავი შესანიშნავი ავტორისეული ზღაპარი ასაზრდოებს ჩვენს წარმოსახვას ბავშვობიდანვე. მაგალითისთვის შარლ პეროს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ძმები გრიმების, ასტრიდ ლინდგრენის, ალან მილნისა და სხვათა ნაწარმოებებიც გამოდგება.
    რით განსხვავდება ლიტერატურული ზღაპარი ხალხურისაგან?
    ხალხური ზღაპრისგან განსხვავებით, ლიტერატურულ ზღაპარს ჰყავს კონკრეტული ავტორი და მისი ტექსტი ხალხურივით ცვალებადი არაა.
    როგორც ცნობილია, ხალხურ ზღაპარს მკაცრად განსაზღვრული ფორმა აქვს. მისი პერსონაჟები გარკვეულ სქემებს ემორჩილებიან. ფოლკლორში იშვიათია ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვა და ყოფითი დეტალების დაწვრილებით აღწერა. ბუნება მასში იშვიათად აისახება და ისიც ტრადიციული ფორმებით (მაგალითად, დაბურული ტყე, თვალუწვდენელი ზღვა, ცხრა მთა და ა.შ.). ხალხურ ზღაპრებში მოქმედება, ძირითადად, განუსაზღვრელ წარსულ დროში ხდება. აქ მკვეთრადაა გამიჯნული სიკეთე და ბოროტება.
     ლიტერატურული ზღაპრის ავტორი ვალდებული არაა ამ სქემებს დაემორჩილოს. იგი არა მარტო პერსონაჟთა არაჩვეულებრივ თავგადასავლებზე აკეთებს აქცენტს, არამედ ხშირად დეტალურად აღწერს მოქმედების ადგილს, მოქმედი პირების გარეგნობასა და თვისებებს, აგრეთვე მათ განცდებს.
    ლიტერატურული ზღაპრისთვის დამახასიათებელია ავტორის პოზიციის მკვეთრი გამოხატვა. მკითხველი კარგად ხვდება, რომელ პერსონაჟს თანაუგრძნობს მთხრობელი და რომლის მიმართ არის უარყოფითად განწყობილი.
     ბევრ ლიტერატურულ ზღაპარში კონკრეტული დრო, კონკრეტული ეპოქაა აღწერილი, რაც მათ აქტუალობას უწყობს ხელს.
     ლიტერატურულ ზღაპრებში  თანაარსებობენ ჯადოსნური და რეალური სამყაროები. ეს ზღაპრები ხშირად ალეგორიულია და ავტორებს არსებულის, ყოფიერების ნაკლოვანებებზე მითითება სურთ. ასე რომ, ისინი ყოველთვის იყო და ახლაც არის დაკავშირებული იმ სოციალურ-ისტორიულ  მოვლენებთან და ლიტერატურულ მიმდინარეობებთან, რომლებიც წამყვანია ამა თუ იმ ეპოქაში.
    ლიტერატურული ზღაპარი შეიძლება იყოს პროზაული, ლექსად დაწერილი (მაგალითად, პუშკინის ზღაპრები) და დრამატულიც კი, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად გვხვდება. დრამატული ზღაპრის ჩანასახი იგრძნობა შექსპირის  „ზაფხული ღამის სიზმარში“, მაგრამ იმ ეპოქაში ამ ჟანრმა განვითრება ვერ პოვა.
    ლიტერატურული ზღაპრის ისტორია მე-17 საუკუნეში იწყება, კლასიციზმის ბატონობის ხანაში ზღაპარი „მდაბიურ“ ჟანრად ითვლებოდა, თუმცა მის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო გრაფინია ქეთრინ დ’ოლნოიმ, რომელმაც ზღაპარი საფრანგეთის სალონურ წრეებში შეიტანა. ამ დროის ზღაპრები, ძირითადად, უფროსებისათვის იქმნებოდა. ისინი გამოირჩეოდა მეტისმეტად ჩახლართული სიუჟეტებით, სავსე იყო ძალადობით ან სატირულ ხასიათს ატარებდა.   
      
     ზღაპრის აღმზრდელობითმა ფუნქციამ ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც 1690 წელს ლუი XIV-ის ოჯახის გუვერნანტმა  ფენელონმა დაწერა ზღაპრები თავისი  შეგირდის გაკვეთილების გამოსაცოცხლებლად.
      მიუხედავად ამისა, ლიტერატურული ზღაპრის ფუძემდებლად მაინც ფრანგი მწერალი შარლ პერო ითვლება, რომელმაც 1697 წელს გამოსცა კრებული „დედაჩემი ბატის ზღაპრები“. კრებულში შევიდა ცნობილი „წითელქუდა“, „ლურჯწვერა“, „ჩექმებიანი კატა“, „ცეროდენა“ და სხვ. ამ ზღაპრებმა ხელი შეუწყო ფრანგული ლიტერატურის დემოკრატიზაციას და ლიტერატურული ზღაპრის განვითარებას არა მარტო ფრანგულ, არამედ მსოფლიო მწერლობაშიც.
    

     ზღაპარს ხარკი გადაუხადა რომანტიკულმა ლიტერატურამაც. პირველ რომანტიკულ ზღაპრად ითვლება ნოვალისის „ჰიაცინტი და როზენგურთი“. ამ ზღაპრის პერსონაჟი, ჰიაცინტი, მომხიბლავი, მაგრამ გულჩათხრობილი, მარტოსული ადამიანია. მას სიყვარულშიც არ უმართლებს. ერთი სიტყვით, ტიპური რომანტიკული გმირია.
    ამის შემდეგ რომანტიკული ზღაპარი კიდევ უფრო განვითარდა და უნივერსალური, კოსმიური პრობლემებიდან გადაინაცვლა ადამიანთა ყოფიერებაზე, უფრო მიწიერი საკითხებით დაინტერესდა. ამის მაგალითია ლუდვიგ ტიკის „ჩექმებიანი კატა“ და „ელფები“, რომლებშიც იგრძნობა ინტერესი ნაციონალური ძირებისადმი, ხალხური შემოქმედებისადმი.

       
     ლიტერატურული ზღაპრის განვითარების მომდევნო ეტაპი დაიწყო ძმები გრიმების მოღვაწეობით. ისინი აგროვებდნენ ძველ გერმანულ ზღპრებს, ამუშავებდნენ და წერილობით ფორმას აძლევდნენ. ვილჰელმ გრიმის დამსახურებაა, რომ დღეს ზღაპრებს თავიანთი სტილი აქვთ. იგი თვლიდა, რომ მოსმენილი მასალის მხატვრული დამუშავება იყო საჭირო. იაკობ, გრიმი კი, ძმისგან განსხვავებით, პედანტი გახლდათ და ცდილობდა, შეენარჩუნებინა ზღაპრების პირველსახე. საბოლოოდ, მათ მიერ გამოცემულ ზღაპრებში ერთმანეთს შეერწყა მეცნიერული სიზუსტე და ავტორის მხატვრული სტილი. ისინი უცვლელად ტოვებდნენ კომპოზიციას, ზღაპრის სულს, მაგრამ ზღაპრებს გადმოსცემდნენ თავისებურად, შემოქმედებითად. მათი წყალობით ქვეყანას მოევლინნენ კონკია, რაპუნცელი, ბრემენელი მუსიკოსები, მგელი და შვიდი თიკანი, ფიფქია და სხვ.
      
         დანიელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის, შემოქმედებამ, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩამოაყალიბა ლიტერატურული ზღაპარი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ზღაპრების უმრავლესობა ანდერსენს ბავშვებისათვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული. დღესაც ყველა ბავშვმა იცის ზღაპრები: „ნამცეცა“, „მახინჯი იხვის ჭუკი“, „კალის ჯარისკაცი“, „გარეული გედები“, „თოვლი დედაფალი“ და ა. შ.
    ანდერსენის ზღაპრებში ერთმანეთშია ჩაწნული ზღაპრული და რეალური სამყარო. ბავშვები ამ ზღაპრებში ინტერესდებიან ჯადოსნური ამბებით, მოქმედების სწრაფი განვითარებით, კეთილის ბოროტზე გამარჯვებით; უფროსები კი ზღაპრის სქემის მიღმა არსებულ  რთულ ადამიანურ ურთიერთობებს აქცევენ ყურადღებას, იხიბლებიან იმით, რომ ავტორი ყოფიერების ისეთ საკითხებს აქცევს ყურადღებას, როგორიცაა სიყვარული და სიძულვილი, სიხარული და იმედგაცრუება, სიმართლე და ტყუილი, სიკვდილ-სიცოცხლის დაპირისპირება.
     ყველაზე უკეთ ანდერსენის წვლილი ლიტერატურული ზღაპრის განვითარებაში შეაფასა მისმა უმცროსმა თანამოკალმემ, ზღაპრების ნიჭიერმა მთხზველმა ჯანი როდარიმ: „ ანდერსენმა,  გრიმებისაგან განსხვავებით, ხალხურ ზღაპრებს მიმართა, რათა მეხსიერებაში გაეცოცხლებინა თავისი ბავშვობა. შემდეგ ის გაემიჯნა ტრადიციულ ზღაპარს, რომ შეექმნა ახალი, რომანტიკული გმირებით დასახლებული და ამავე დროს ყოფითი დეტალებით აღსავსე სამყარო. იგი გათავისუფლდა ხალხური ზღაპრების შაბლონური ჩარჩოებისაგან, ანდერსენმა გამოიმუშავა საკუთარი ენაც“.
     ანდერსენის წყალობით ლიტერატურულმა ზღაპარმა შეიძინა თავისი დამახასიათებელი შტრიხები. იგი გახდა თავისუფალი, შეუძლია ასახოს ადამიანთა გრძნობები, ყოფა, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებიც კი.
     თანამედროვე ლიტერატურული ზღაპარი ბევრ რამეს სესხულობს სხვა ჟანრებიდან, თუნდაც დეტექტივებიდან.
     ლიტერატურულ ზღაპრებში ხშირად ვაწყდებით იუმორს. ამის გამო იგი უფროსებითვისაც და პატარებისთვისაც საყვარელი სკითხავი ხდება, გავიხსენოთ თუნდაც ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრები.
      თანამედროვე სამყაროში ლიტერატურულ ზღაპრებზე მოთხოვნილება დიდია. გამომცემლობებიც საკმაო ოდენობით აწვდიან ამ სახის პროდუქციას მყიდველს და დიდ მოგებასაც ნახულობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღაპარს თავისი აქტუალობა არ დაუკარგავს და , ფსიქოლოგების აზრით, არც არასდროს დაკარგავს, რადგან  ზღაპრები აუცილებელია ადამიანებისათვის, მათი განვითარებისა და პიროვნული ფორმირებისათვის.
    რაც შეეხება ქართულ ლიტერატურულ ზღაპარს, ის მე-19 საუკუნეში ჩაისახა (გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას და თედო რაზიკაშვილის ზღაპრები), თუმცა იმ პერიოდში ამ ჟანრის მაინცდამაინც ბევრი ნიმუში არ შექმნილა.   
                                                      
       ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკადაა ქცეული არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, რომელსაც დღესაც სიამოვნებით კითხულობენ. ლიტერატურული ზღაპრები აქვთ შექმნილი  ნინო ნაკაშიძეს, რევაზ ინანიშვილს, ოტია იოსელიანს, გურამ პეტრიაშვილს და სხვებს.
    ამ ბოლო დროს კი უცხოურიდან თარგმნილ ლიტერატურულ ზღაპრებს  ბევრი ახალი ქართულიც შეემატა. იქმნება ქართული ფენტეზიც, თუმცა, ჩვენი აზრით, ფენტეზი მაინც სხვა რამაა. იგი თავიდანვე „რეალობიდან გაქცევის“ მცდელობაა, მაშინ როცა ლიტერატურული ზღაპარი სწორედ რომ რეალობას ეხმაურება, საზოგადოებრივ პრობლემებს ასახავს, რეალური სამყაროს მტკივნეულ საკითხებზე ჩაგვაფიქრებს (მაგალითად გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები).
    
 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება ერთი რამ. ლიტერატურული ზღაპარი ლიტერატურის განსაკუთრებული და თვითმყოფადი ჟანრის, რომელიც, მართალია, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებითაა ნასაზრდოები, მაგრამ ამასთანავე თავისი დამახასიათებელი შტრიხებიც აქვს, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ ლიტერატურული ზღაპრის ავტორი უფრო თავისუფლად, გახსნილად აფიქსირებს თავის პოზიცია ნაწარმოებში და არაა შებოჭილი გარკვეული სქემატური ჩარჩოებით.

ლიტერატურული ზღაპარი დიდი პოპულარობით სარგებლობს და, როგორც ჩანს, არც მომავალში დაკარგავს აქტუალობას.







ტესტი (VI კლასი)


მოცემულ წინადადებებში შეარჩიეთ ხაზგასმული სიტყვების სინონიმები:
) ჩემი მეზობელი უჭკუო კაცია.
1) ბაქია      2) მკვირცხლი   3) თავქარიანი   4) განათლებული
ბ) მისი სიტყვები ფუჭი აღმოჩნდა.
1) ამაო   2) მართალი   3) ნამდვილი   4) მწარე
გ) სოლომონი გოროზი კაცი იყო.
1) მარდი   2) მჭევრმეტყველი   3) ლაქლაქა   4) ამაყი
დ) ელენე გათქვირული ქალია.
1) გამხდარი  2) მოხდენილი   3) მსუქანი   4) ჯიუტი
მოცემულ წინადადებებში შეარჩიეთ ხაზგასმული სიტყვების  ანტონიმები:
ა) უშიშარი  მეომრები იცავდნენ ციხეს.
1) ძლიერი   2) მტკიცე   3) ჯაბანი   4) სუსტი

ბ) მას დაუდეგარი ხასიათი აქვს.
1) მოუსვენარი   2) დაუცხრომელი   3) მშვიდი   4) დაუდგრომელი

გ) მაღაზიაში მდარე ხარისხის პროდუქტი იყიდებოდა.
1) უვარგისი   2) მაღალი   3) ცუდი   4) უხეირო

ჩასვით შესაფერისი სიტყვები წინადადებებში:
სახლის   --------------------------- წყალი ჩადის.
1) ძირში    2) საძირკველში   3) ფუძეში

ნინიკოს  ----------------------------  მათემატიკა უყვარდა.
1) გულმოდგინედ   2) მეტისმეტად   3) განსაკუთრებით 

თბილისში ბევრი   ----------------------   ქუჩაა.
1) ვიწრო   2) წვრილი   3) დაბალი 

სოფელში მშვენიერი ბაღი   ----------------------- .
1) დარგეს   2) მოამრავლეს   3) გააშენეს

ჩემი ქალაქი   -----------------------------  მაღალი მთებით.
1) შემოხვეულია   2) გარშემორტყმულია   3) შემოღობილია

შემოხაზეთ სიტყვა, რომელიც მოცემული ხატოვანი გამონათქვამის შესაფერისია:
ფეხი აითრია
1) დააგვიანა   2) დაეზარა   3) დაზარალდა

დანა პირს არ უხსნის
1) მშიერია   2) ავადაა   3) დამწუხრებულია

ჭერში ბუზებს ითვლის
1) მხიარულადააა    2) უსაქმურადააა   3) დადარდიანებულია
მოცემული წინადადებებისათვის შეარჩიეთ შესაფერისი სიტყვა:
მან ბევრი ლეკი  -------------------- .
1) მოკლა   2) დახოცა   3) დაღუპა

ქალმა ძაღლები  გარეთ  ------------- .
1) გარეკა   2) გააგდო   3) გაფანტა   4) გაუძახა

მოცემული წინადადებებისათვის შეარჩიეთ შესაფერისი სიტყვები:
იმ სოფელში ერთი   ---------------------------  ქალი ცხოვრობდა.
1) ბედგამწარებული   2) ბედ-გამწარებული   3) ბედ   გამწარებული

ამ წიგნში  -----------------------------------------  ამბებია გადმოცემული.
1) თუშ-ფშავ  ხევსურეთის   2) თუშ  ფშავ  ხევსურეთის   3) თუშ-ფშავ-ხევსურეთის

მაგიდას ------------------------------- ზედაპირი აქვს.
1) უსწორმასწორო   2) უსწორ-მასწორო   3) უსწორ  მასწორო

გაასწორეთ მოცემულ წინადადებებში შეცდომით დაწერილი სიტყვები:


(1) გუშინ თამაზის და მის მეგობრებს შევხვდი ქუჩაში. 
--------------------------------------------------------------------------------
(1) ბოდბეს მონასტერი უმშვენიერესია.
--------------------------------------------------------------------------------
(2) დავითიმ დილით კარგათ გამოიძინა.    
--------------------------------------------------------------------------------                                                                
(2) დურგალმა ფანჯარის ჩარჩოები წიფელით დაამზადა .
--------------------------------------------------------------------------------
(2) 4-ე  ძმამ  უგრძელესი გზით წასვლა გადაწყვიტა.
--------------------------------------------------------------------------------
(1) იმათმა თავხედობამ ძალიან გააბრაზა ქართველთა  მეფე.
--------------------------------------------------------------------------------
(3) საათნახევარში  მე-V-ე  გაკვეთილი დაიწყება და ყველანი  მზათ უნდა იყოთ.
-------------------------------------------------------------------------------

ჩასვით სიტყვა ოცნება სათანადო ფორმით:
ჩვენ არდადეგების დაწყებაზე -----------------------------------------








პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"

http://www.slideshare.net/sofib/ss-20852632

http://www.slideshare.net/sofib/ss-20855837

http://www.slideshare.net/sofib/ss-20856824

http://www.slideshare.net/sofib/ss-20858079

http://www.slideshare.net/sofib/prezentacia-40243628